logo
ENG



ბელარუსში ლავასოღლის პატიმრობის ვადა ამოიწურა, უცნობია, მოვითხოვეთ თუ არა ექსტრადიცია

03 აგვ 202014:28
3 წუთის საკითხავი
clock 956

ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებულ მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის ბელარუსში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ბელარუსს თხოვნით მიმართა, ლავასოღლის პატიმრობაში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივონ.

მინდია გორაძის კიდევ ერთი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, შესაძლოა, ხელისუფლება ფიქრობდეს, რომ ლავასოღლის საარჩევნოდ ექსტრადირება ქვეყანაში სიტუაციას დაძაბავს.

პროკურატურაში "ფორმულას" უთხრეს, რომ "შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, რაც არის ექსტრადირებასთან დაკავშირებული", თუმცა უწყების ოფიციალური პასუხიდან უცნობია, მოითხოვა თუ არა ქართულმა მხარემ მისი ექსტრადირება. პროკურატურაში სხვა კითხვებზე არ პასუხობენ.

ცნობისთვის, ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება. ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ კი ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს. 


close დახურვა