ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, დანებით შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციელს თავს დაესხა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. ინფორმაციას მედია სერბეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, თავდამსხმელი არასრულწლოვანი იყო და თავდასხმისას ყვიროდა „ალაჰუ აქბარ“ („ალაჰი დიდია“). პოლიციელი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა.
დაჩიჩის თქმით, შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმად კვალიფიცირდა. ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს და მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა გააძლიერეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მომხდარს სერბეთის ხელისუფლება იძიებს. უწყების ცნობით, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
