ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი გავიდა. გერმანიაში ამ თარიღს მასშტაბურად აღნიშნავენ.
ღონისძიებების კვირეული უკვე დაიწყო. ქალაქში ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კედლის მშენებლობის ყველა ეტაპს საკუთარ IOS მოწყობილობაში გიჩვენებთ. ინსტალაციები დადგეს ბრანდენბურგის კარიბჭესთან. საზეიმო ღონისძიებები 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.
„სიყვარული იმარჯვებს", „რევოლუცია“, „კედლები გონებაშიც უნდა დაინგრეს" და კიდევ 100 ათასამდე მსგავსი გზავნილი იმ ლენტებზე წერია, რომლებიც ბრანდენბურგის კარიბჭესთან დაკიდეს. ინსტალაცია, რომელიც სათევზაო ბადეზე დამაგრებული ფერადი ლენტებისგან შედგება, ამერიკელმა ხელოვანმა საგანგებოდ ბერლინის მშვიდობიანი რევოლუციის 30-ე იუბილესთვის შექმნა.
ბერლინის კედლის დაცემის იუბილეს ქალაქში მილიონზე მეტ ტურისტს ელიან. დაჯავშნილია სასტუმროების დიდი ნაწილი.
სუვენირებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ყველაზე ხშირად სტუმრები სწორედ კედლის ნაწილებს ყიდულობენ. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყნის დაყოფის სიმბოლოს მთავარ ტურისტულ სუვენირად ქცევა შეურაცხმყოფელია.