logo
ENG



ბესელია: ქართული ოცნება ვერ შეძლებს, რომ მესამე ვადით ამომრჩეველი მისკენ მიატრიალოს

17 ივლ 202018:39
3 წუთის საკითხავი
 
gwumk6mw3fa590c.jpg

პარტია სამართლიანობისთვის თავჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემაში „კომენტარი“ Edison Research-ის კვლევები შეაფასა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ კვლევაში ნაჩვენები მაჩვენებლები შეიცვლება და არჩევნებზე გარდატეხა მოხდება.

ბესელიამ გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიას პანდემიაზე ააგებს, თუმცა მისი აზრით, მმართველი გუნდისთვის რთული იქნება მესამე ვადით ამომრჩევლის კვლავ მათკენ მიზიდვა.

„იმდენად დიდია გადაუწყვეტელი ადამიანის რაოდენობა და იმდენად ბევრ ადამიანს უნდა ცვლილება, რომ მე დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს მოხდება განწყობების საოცარი გარდატეხა. ეს პროცენტები, რაც ჩანს ამ კვლევაში შეიცვლება. რა თქმა უნდა, გაიზრდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ის, რაზეც ახლა ქართული ოცნება ააგებს თავის კამპანიას, დახარჯოს ფული კოვიდის ეგიდით, მაქსიმალურად დაზაფროს ადამიანები და მისკენ მიმართოს ამომრჩეველი, ეს რაღაც პერიოდი ჯგუფების მიმართ გამოიღებს გარკვეულ ეფექტს, მაგრამ საბოლოოდ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შენი ამომრჩეველი მესამე ვადით შენსკენ მოატრიალო“,-აცხადებს ეკა ბესელია.

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

 

 


close დახურვა