თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანების პროცესი დღეს გაგრძელდება. 14 საათზე ბესიკ თამლიანისა და კიდე სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. წინა პროცესზე ბრალდების მხარის მიერ 3 ექსპერტი დაიკითხა, რომლებმაც 20-21 ივნისის საქმეზე ვიდეოჩანაწერების ექსპერტიზა ჩაატარეს. სხდომას არ ესწრებოდა ბესიკ თამლიანი. შეგახსენებთ, რომ გავრილოვის ღამეს აქციის დროს პასუხისგებაში 19 პირია მიცემული.
თამლიანის ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და მისი თქმით, სასამართლოს წინაშე წარდგენილი ნებისმიერი მოწმე დაამტკიცებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გამოძიება ამ საქმეზე იყო ტენდენციური.
„ბრალდების მხარეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალდების დასადასტურებლად, შესაბამისად ნებისმიერი მოწმე, რომელიც გამოცხადდება სასამართლოში, ის დაადასტურებს, მხოლოდ იმას, რომ ეს გამოძიება იყო ტენდენციური და როგორც თამლიანს და გუდაღაშვილს, განსაკუთრებით კი თამლიანი, რომელიც თავისი განხორციელებული ადმინისტრაციული გადაცდომისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა და მოიხადა სასჯელი, დანაშაული არ ჩაუდენიათ“,-განაცხადა ბესიკ თამლიანის ადვოკატმა.