logo
ENG



ბიზნესწრეების წარმომადგენლები ლექვინაძის თანამდებობიდან წასვლას აფასებენ

11 ნოე 201917:33
3 წუთის საკითხავი
 
t8sqq4m8hbfshul.jpg

ბიზნესწრეების წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის და მისი მოადგილის თანამდებობიდან წასვლას აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ მთავარია გაირკვეს, რატომ წავიდა ლექვინაძე თანამდებობიდან და იყო თუ არა ამ ნაწილში გიორგი გახარიას ინტერესი.

„ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხი თვისობრივად უნდა გაძლიერდეს და ის უნდა იყოს რეალურად ზემოქმედი და არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პერსონალიებზე, რისთვისაც დროს და გარჯას ირაკლი ლექვინაძე არ იშურებდა, თუმცა ლეგიტიმაცია მაინც შეზღუდული იყო ძალიან. მგონია, რომ ან ეს ინსტიტუტი, რომელიც საბოლოო ჯამში აღიარებს კომუნიკაციის ნაკლებობას და პრობლემებს ბიზნესთან არ უნდა არსებობდეს და თუ უნდა არსებობდეს მას უნდა გაეზარდოს გარკვეულწილად უფლებები,“- აცხადებს Forbes Georgia-ს რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას განმარტებით ირაკლი ლექვინაძე საკმაოდ მეგობრული იყო მცირე და საშუალო ბიზნესთან. ჭყონია ლექვინაძის წასვლის მიზეზზეც საუბრობს. მისი თქმით მას ირაკლისთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა ვარაუდობს, რომ ცვლილება საარჩევნო წელს უკავშირდება.

„ცოტა გაურკვეველი არის რატომ დატოვა თავისი ინიციატივით ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობა. მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ წარმატებული იყო ირაკლი ამ პოსტზე იმიტომ, რომ საკმაოდ მეგობრული იყო მცირე და საშუალო ბიზნესთან. ვერ გეტყვით მიზეზს, მე კომუნიკაცია მასთან არ მქონია. თუმცა, ჩემი ვარაუდით ეს საარჩევნო წელს უკავშირდება იმიტომ, რომ ბიზნესს არაერთი პრობლემა ჰქონდა და არაერთი გამოწვევა არის ბიზნესის წინაშე. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ არჩია სხვა პოზიციაზე გადასულიყო,“ - განაცხადა ივა ჭყონიამ

უკვე ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ "ფორმულას" ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. 

მედიაში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სავარაუდოდ ახალი ბიზნესომბუდსმენი შსს-ს მაღალჩინოსანი მიხეილ დაუშვილი იქნება. ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.


close დახურვა