ქართული ოცნების წევრის, მაია ბითაძის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების დამზადებისა და ასევე, ფალსიფიკაციის ფაქტებზე, გამოძიება დაიწყება.
საქმე ეხება TV პირველის ეთერით 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. ჩანაწერის მიხედვით, დავალებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, ანზორ ჩუბინიძე ასრულებს.
"ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის არასწორი და არანორმალური დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც ჩვენ, კიდევ ფარული და პირადი ჩანაწერების, მათ შორის ფალსიფიცირებულის მოსმენა და ამაზე ჭორაობა გვიწევს.
კანონმდებლობის ფარგლებით, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ფარული ჩანაწერების ფაქტზე და ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. ფარული ჩანაწერების თითოეული ფაქტი, მათ შორის პირადი ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირების ფაქტი, არის კანონდარღვევა და ამაზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება აუცილებლად დაიწყება", - განაცხადა ბითაძემ.
6 მარტს TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.