logo
ENG



ბილეთი რომ იყიდო, ნაცნობი უნდა გყავდეს შავ ბაზარზე - ემიგრანტი

08 აპრ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი ემიგრანტები კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ ბილეთების თაღლითურად გაყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც „ფორმულასთან“ ყვებიან, ბილეთის ფასი შავ ბაზარზე 350 ევროდან იწყება და ამიტომ ბევრი ვერც ყიდულობს.

„ერთმა გოგონამ იპოვა გადამყიდველი, რომელზე უთხრეს ყიდისო. ამ ქალს ჰქონდა კონტაქტი „ჯორჯიან ეარვეისთან“ და ბილეთის ფასი იყო 350 ევროდან 600-მდე. ქალი აწვდიდა კომპანიას პასპორტის ასლებს. ანუ ბილეთი რომ შეიძინო, ისიც მაღალ ფასში, უნდა გყავდეს ნაცნობი შავ ბაზარზე", - აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი.

ემიგრანტთა ნაწილი კი „აირზენას“ პირადი ინტერესებისთვის ბილეთის ფასის მომატებაში ადანაშაულებს - მათი განმარტებით, 199 ევრო დაბალი ფასი იყო კომპანიის ბილეთებისთვის და ამიტომაც ვარაუდობენ, რომ „აირზენა“ ამ თაღლითური სქემით ცდილობს მოგებას.

„კომპანია თაღლითურად ყიდის ბილეთებს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმ ბილეთების ყიდვის საშუალება, რომელიც წესით საიტზე უნდა დაიდოს. ეს არის ტყუილი - ასე მგონია, რომ კომპანია ამოყიდვას ცდილობს ამ გზით. დაწესებული თანხა მინიმალურია და ამ ფასად არ გაყიდის „აირზენა“ ბილეთებს", - ამბობენ ემიგრანტები.

ფორმულა დაუკავშირდა გადამყიდველსაც - მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვისაც არაა ხელმისაწვდომი ბილეთების გამოწერა კონკრეტული პრობლემების გამო. თუმცა შემოგვთავაზა გერმანიიდან ერევნის მიმართულებით ბილეთი. 

„მე არ ვყიდი ბილეთს - ჩემი მეგობარი აკეთებს. ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით, მაქსიმუმ შემიძლია ერევანი შემოგთავაზოთ. „აირზენაზე“ ვერ დაგეხმარებით, მეც ორი პასპორტი მაქვს და სხვა ვერ მეხმარებიან, 199ევროდ რომ ვერ გაიყიდება ბილეთი, თქვენც ხომ ხვდებით. მე ვერავის მივცემ პირობას, რომ გამოიწერება ბილეთი", - განგვიცხადა ე.წ. გადამყიდველმა.

„ფორმულა“ აირზენას პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთეს. 

 


close დახურვა