„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე საპარლამენტო კომიტეტების დატოვებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვათ.
კახიძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუ ოპოზიციის შეთავაზებას, გერმანულ მოდელს მიიღებენ.
„ბოიკოტს ვუცხადებთ როგორც პლენარულ სხდომებს, ისე კომიტეტებს. ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, როცა სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა ქუჩაში გასვლისა. მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ქუჩიდანაც. ამავე დროს ვთავაზობთ გერმანულ მოდელს კრიზისიდან გამოსასვლელად. გადაწყვეტენ მიიღონ ოპოზიციის ვერსია, გადავინაცვლებთ საპარლამენტო დარბაზებში, სადაც ასევე ვამხელთ ივანიშვილის სამარცხვინო ხელისუფლებას“, - აცხადებს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთო კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ტოვებს დარგობრივ კომიტეტს, ზაზა კედელაშვილი კი გარემოს დაცვის კომიტეტს.