logo
ENG



ბოკერია: ეპიდსიტუაციამ გვანახა, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნისთვის

14 სექ 202014:58
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: ეპიდსიტუაციამ გვანახა, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნისთვის

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მეორე ტალღისთვის მომზადებული არ არის. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინა. 

"ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. ეს გამოწვევა საარჩევნო შესაძლებლობად ჩათვალეს. ჯერ ხომ გაზაფხულზე დაკეტეს ეკონომიკა გაუაზრებლად. ეს დრო იმისთვისაც კი არ გამოიყენეს, რომ მინიმუმ კოვიდსაწოლები მოემარაგებინათ. ახლა ირკვევა რომ საწოლების 65% შევსებულია, როგორც ტიკარაძემ თქვა და გახარია ახლა აძლევს დავალებას, რომ 3000 საწოლი მოამზადონ. აქამდე რას აკეთებდნენ? ის ჩაკეტვა თუკი რამეში უნდა გამოყენებულიყო, ეს იყო მომზადებისთვის, რომ შემდეგში გახსნილიყო ეკონომიკა. ამის მაგივრად არის ქაოსი, არანაირი გეგმა და ისევ თვითტკბობა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ევროპული საქართველოს შეთავაზებაზე, რომელიც გადასახადების დაწევას ეხებოდა, უარი თქვა. 

"ნაკლებ ტესტს ჩაატარებენ - თითქოს პროგრესია. ამ დროს ციფრები ახლა უფრო მაღალია ვიდრე გაზაფხულზე. პრინციპულად უარი თქვეს ევროპული საქართველოს ყველა მოწოდების მიუხედავად გადასახადების გადაწევაზე. ეს გვაჩვენებს როგორი გარდამტეხი ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები ყველამ ერთად, არჩევნებზე უნდა მივიტანოთ", - აღნიშნა ბოკერიამ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. მხოლოდ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 108 აჭარაშია. 


close დახურვა