logo
ENG



ბოკერია: კომპრომისი კატასტროფა იქნებოდა ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის

03 ნოე 202013:28
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებით, მთავრობასა და ოპოზიციას შორის კომპრომისი ნორმალურია, თუმცა შექმნილ ვითარებაში, ნებისმიერი სახის დათმობა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნებოდა დამაზიანებელი.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არსებობს "წითელი ხაზები" და როდესაც რომელიმე ხელისუფლება მას გადაკვეთს, კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია.

"ქვეყნისთვის საჭირო კომპრომისი განსხვავებულ ძალებს შორის, ზოგადად მთავრობასა და ოპოზიციას შორის ნორმალურია, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც თუ რომელიმე ხელისუფლება გადალახავს, აქ არ შეიძლება დათმობა. ჩვენი გონივრული გათვლაა, რომ ეს კომპრომისი იქნებოდა კატასტროფა ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის. ეს წაახალისებდა შემდგომ ზიანს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რასაც ვხედავთ 8 წლის განმავლობაში", - განაცხადა ბოკერიამ გადაცემა "კომენტარში".

მისივე თქმით, საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ, ამიტომ პროტესტი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც ხელისუფლების შესაცვლელად იქნება საჭირო.  

"ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას. შეიძლება იყოს პაუზები, მაგრამ უნდა იცოდეს ივანიშვილმა, რომ აქ რაღაც საზოგადოების დაღლაზე ვერ გათვლის. მათ ელით უმძიმესი კვირები და თვეები წინ. რამდენი ლიდერიც არ უნდა დაიჭიროს, ეს მის პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ისეთი კრიზისი იქნება, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები იქნება გამოსავალი მისთვისაც კი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, 3 ნოემბერს, მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დააანონსეს.


close დახურვა