„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ბიზნესის გახსნისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ქვეყნისთვის დამაზიანებელია. პარტიაში განმარტავენ, რომ ქვეყნებს შორის ახლა კონკურენციაა, ვინ უფრო მალე გამოვა კრიზისიდან, და ვინც ამ პროცესში დააგვიანებს, კიდევ უფრო მეტ ზარალს მიიღებს.
„დღეს ჩვენი ქვეყანა კვლავ ცხოვრობს მძიმე შეზღუდვების ქვეშ. ივანიშვილის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები თავიდანვე იყო აბსურდული და ხშირ შემთხვევაში სრულდებოდა შერჩევითად. ჩვენ ახლა ყველანი ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში მთავრობებმა დაიწყეს ეკონომიკის გახსნა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რა ტემპში გამოვა ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ქვეყნები არიან კონკურენციაში ერთმანეთთან და ის, ვინც დააგვიანებს ამ პროცესში, მიიღებს კიდევ უფრო მეტ ზარალს და ეს აისახება მოქალაქეებზე. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გეგმა არის ნელი ტემპის, გაუაზრებელი და დააზიანებს დამატებით ჩვენ ქვეყანას. ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, ერთი კვირის შემდეგ, 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, გახსნას ყველა ბიზნესი და მოქალაქეებს მისცეს შანსი, რომ შეინარჩუნონ ოჯახები. იქამდე უნდა შეიმუშავოს გონივრული წესები თითოეული ბიზნესისთვის, მაგალითად, პირბადეების ტარების აუცილებლობა, სოციალური დისტანციის დაცვა და მათი დარღვევისთვის უნდა იყოს ადეკვატური საჯარიმო სანქციები. მეორე: მყისიერად მოიხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს. აღადგინოს ქალაქებს შორის გადაადგილება და შემოიღოს ტესტირების წესი, სადაც არის ინფიცირების ზონა. ავტომობილებთან დაკავშირებით შეზღუდვები მყისიერად უნდა გაუქმედეს. უნდა გაუქმდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ის ექსკლუზივი, რომლებიც მიეცათ ფირმებს და ფირმებს შორის უნდა იყოს კონკურენცია. გაიხსნას საჰაერო სივრცე, ოღონდ იქვე უნდა დაწესდეს ტესტირების და კარანტინის აუცილებლობა. მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ასეთი შეზღუდვების მოხსნა და მნიშვნელოვანია ჩვენ არ ჩამოვრჩეთ მათ. უნდა შენარჩუნდეს შეზღუდვები ყველაზე სახიფათო ჯგუფების, 70 წლის ზემოთ ჯგუფებისთვის და შეზღუდვები მასობრივ შეკრებებზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.