logo
ENG



ბოკერია: მწვავე პროტესტი უნდა იყოს ყველგან

14 ნოე 201923:05
3 წუთის საკითხავი
 
6qj2cckbu8s13dg.jpg

„ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია პარლამენტის წინ ამ წუთებში მიმდინარე აქციაზე „ფორმულასთან“ საუბარში პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნაბიჯით საზოგადოებას გზა მოუჭრა.

ბოკერიას განცხადებით, უნდა დაიწყოს მწვავე პროტესტი და პროტესტი უნდა იყოს ყველგან - ქუჩაშიც და ადმინისტრაციულ შენობებთანაც.

„მწვავე პროტესტი უნდა იყოს ყველგან - ქუჩაში, ადმინისტრაციულ შენობებთან. თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდი გამოირჩევა სიფრთხილით, მაგრამ ივანიშვილმა თითონ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლითაც გზა მოუჭრა საზოგადოებასა და დემოკრატიულ ოპოზიციას. ახლა ყველა უმწვავესი პროტესტი არის ლეგიტიმური. გარდაუვალია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, რომ ამ კაცის მმართველობას დავუსვათ წერტილი. დღეს ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანები ერთიანდებიან - დღეს ივანიშვილის მმართველობის დასრულება ერთადერთი გზაა საქართველოს მომავლისთვის. ივანიშვილს გონია, რომ ამით გაძვრება და მწარედ ცდება. დღის წესრიგია აქ დგომა," - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს, ამავე დროს „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა. ისინი უკვე შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციის მონაწილეებს.


close დახურვა