logo
ENG



ბოკერია კვლევებზე: ეს აჩვენებს, რომ ხალხს აქვს თავმოყვარეობა

28 ნოე 201915:23
3 წუთის საკითხავი
 
d0u28fpharxuorz.jpg

„ეს აჩვენებს, რომ საზოგადოებას აქვს თავმოყვარეობა" - ასე ეხმიანება „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებს გიგა ბოკერია. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ხალხი არ დაივიწყებს იმ შეურაცხყოფას, რაც ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა მათ.

„ეს აჩვენებს იმას, რაც მეც ვიცოდი, თქვენც იცოდით - საზოგადოებას აქვს თავმოყვარეობა. ეს იყო ის დაპირება, რომელიც გააკეთა ამ სამარცხვინო ლიდერმა გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ. ახლა როცა ეუბნება, ფეხებზე მკიდია და გადაგაგდებთო, ამას მოჰყვება რეაქცია საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამას გამოხატავს ეს კვლევა“, - ამბობს გიგა ბოკერია.

ყველაზე დაბალი პოზიტიური რეიტინგის მიუხედავად, ზურაბ ჯაფარიძე კვლევებს ნდობას უცხადებს და ამბობს, რომ შედეგები ნორმალურია.

„ოპოზიცია ერთიანი პარტიული სიით, ეჭვი მაქვს, რომ არ გამოვა, მაგრამ კოორდინირება თუ მოხდება პარტიებსა და ლიდერებს შორის, ეგ შეიძლება იყოს გამარჯვების ფორმულა. პირადად ჩემი ნეგატიური რეიტინგი ნორმალური ამბავია - საბჭოთა საქართველოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნორმალურია, რომ ადამიანი, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს, არ უყვარდეთ“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს მმართველ გუნდშიც აფასებენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ კვლევები პარტიული ტელევიზიის მიერაა ჩატარებული.

„პარტიული ტელევიზიის ჩატარებულ კვლევებზე, ცხადია, კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოფო კილაძის აზრით, კვლევების შედეგები არ ემთხვევა ხალხის რეალურ განწყობებს, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან გამოხატავენ.  

„რაც ვნახეთ კვლევები, არასდროს არ არის, რომ ამ გამოკვლევების შედეგები ემთხვეოდეს ჩვენი მოსახლეობის აზრს, რომელსაც ისინი გამოხატავენ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების დროს. ასეთ შემთხვევაში მე თავს შევიკავებდი რაიმე კომენტარის გაკეთებისგან“, - ამბობს კილაძე.

ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ კვლევები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისთვის სანდო, თუკი ის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციის მიერ არ არის ჩატარებული. ოხანაშვილი, ასევე, დაინტერესდა, რა მეთოდოლოგიით ჩაატარა „ედისონ რისერჩმა“ კვლევა.

„საინტერესოა, რა მეთოდოლოგიით არის ჩატარებული და ვის მიერ არის ჩატარებული, ხომ არ არის ჩატარებული „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების მიერ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია დემოკრატიული განვითარება“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

​შეგახსენებთ, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გუშინ საღამოს გამოშვებაში გახდა ცნობილი. კვლევების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების უახლოეს მომავალში ჩატარების შემთხვევაში, ხმებისა და მანდატების უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები ინაწილებენ.

ედისონ რისერჩი“ გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც წინასაარჩევნო და საზოგადოებრივ კვლევებს უკვეთავენ ისეთი ტელეარხები, როგორიცაა „ენ-ბი-სი“, “სი-ბი-ეს“ და ა.შ. საქართველოში „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი ჩაატარა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და სწორად იწინასწარმეტყველა როგორც მეორე ტურის დანიშვნა, ისე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. 


close დახურვა