logo
ENG



ბოკუჩავა: უნდა დაიდოს ის, რასაც დაჰპირდნენ ქართველ ხალხს - სრულად პროპორციული სისტემა

17 თებ 202022:13
3 წუთის საკითხავი
clock 630

თინათინ ბოკუჩავა გამორიცხავს ოპოზიციურ ერთობაში რაიმე ბზარის გაჩენას და მოლაპარაკებების სხვა ფორმატის არსებობას. როგორც ბოკუჩავამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში" განმარტა, ბიძინა ივანიშვილს შეიძლება უნდოდეს წარმოსახვითი ფორმატების შექმნა, მაგრამ რეალობა სხვაა და ოპოზიცია ერთიანია.

„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ზის სრული ოპოზიციური სპექტრი - მთავარი ძალა სწორედ ისაა, რომ ყველა პარტიამ შეძლო მაგიდასთან დაჯდომა. იქ არ სხედან მხოლოდ საპარლამენტო პარტიები - ეს არის საერთო ოპოზიციური ფორმატი. ამის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს ვერავის თვალში. მისი მოლოდინი თუ ისაა, რომ შექმნის ილუზიას კონსენსუსის, ძალიან ცდება. რაც შეეხება 100/50 ფორმულას - ამაზე უარი ვთქვით სრული ოპოზიციური სპექტრის სახელით. ეს არის ციფრებით ვაჭრობა. ჩვენი ამოსავალი არაა ციფრებით ვაჭრობა - უნდა დაიდოს ის შემოთავაზება, რასაც დაჰპირდნენ ქართველ ხალხს - სრულად პროპორციული სისტემა ან მისი ადეკვატური ეკვივალენტი", - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

სოფო ზურაბიანის კითხვაზე, როგორ შეხვდება ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილის გააქტიურებას და პოლიტიკაში დაბრუნებას - ბოკუჩავამ უპასუხა, რომ მხოლოდ მიესალმება ნებისმიერი ადამიანის გააქტიურებას.

„მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ნებისმიერი ადამიანის გააქტიურება, ვისაც აქვს პოლიტიკური კაპიტალი. ახლა წყდება, გავხდებით რუსეთის გუბერნია თუ შევინარჩუნებთ სახელმწიფოებრიობას. ამ ბრძოლაში მხოლოდ მივესალმები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დღეს „ტვიტერის" საშუალებით ამცნო საზოგადოებას.


close დახურვა