ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ გუშინ, 28 თებერვალს მიღებულ რეზოლუციას, რომლის ტექსტშიც შესული ერთ-ერთი შესწორება მიხეილ სააკაშვილს ეხება. კერძოდ, მოწოდებაა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი.
ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ ეს მისი "პირადი გადაწყვეტილებაა". ბოკუჩავას თქმით, თითოეულ ადამიანს აქვს პირადი, მორალური კოდექსი, თუმცა ქვეყნის ისტორიული და ეროვნული მომავლის მორალი მოითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.
ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება, რომლის თანახმადაც "ხელისუფლებას შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის შინაპატიმრობით ან ექსტრადაციის პროცედურით შეცვლა" - ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია. ის ხაზს უსვამს, რომ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებით შეუძლია ხალხს აჩვენოს, რომ უსმენს ევროპას.
"პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია. გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ევროპარლამენტის მოწოდებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და 9 დათქმის ინტეგრალური ნაწილია.
ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მომზადებულია მხარს უჭერს 300-მდე ევროპარლამენტარი, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან იქნება ეს ევროპის სახალხო პარტია თუ ევროპული სოციალისტები. ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პირველი არაა. ამას გარდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართა ზურაბიშვილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდება გაჟღერებული აქვს მრავალ სხვა მსოფლიო ლიდერს, იქნება ეს საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
გუშინ ლონდონში დისკუსიაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილზე აუდიტორიისგან დასმულ კითხვაზე, რომ შეწყალება მორალური საკითხი და მისი პირადი გადაწყვეტილებაა. თითოეულ ადამიანს თავისი პირადი მორალური კოდექსი აქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიული, ეროვნული და ევროპული მომავლის მორალი და ლოგიკა მოითხოვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მრავალგზის მითქვამს და გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა არის ისტორიული უსამართლობა და ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გუშინდელ გამოსვლაში ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს უფლებამოსილება შეცვალოს პრეზიდენტ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიება სამაჯურით ან შინაპატიმრობით ან გამოიყენოს ექსტრადაციის პროცედურა, მაგრამ ივანიშვილის პირობებში ეს შეუძლებელია, რადგან ივანიშვილი უსმენს მოსკოვს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროპისკენ მიმავალ ქართველ ხალხს შეუძლია აჩვენოს, რომ ის უსმენს ევროპას. ქ
ვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება მომენტები, რომელიც მოითხოვს ყოველგვარი პოლიტიკური თუ პიროვნული განსხვავების ნიველირებას ერთი საერთო, ეროვნული მიზნის ინტერესით. ასეთი მომენტია საქართველოსთვის ახლა, როცა გაჩნდა ისტორიული, უნიკალური შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გზაზე და ამ გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სწორედ საქართველოს პრეზიდენტს. მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ეს სიტყვა ევროპული იყოს", - განაცხადა ბოკუჩავამ.