ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას არ დაესწრებიან და ფიზიკურადაც დისტანცირდებიან ივანიშვილის "ამ ბინძური თამაშისგან".
"ჩვენ ამ პოლიტიკური ცირკის გამოცხადების პირველივე დღიდან აღვნიშნეთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ ვიქნებით, იმისთვის, რომ ფიზიკურადაც დისტანცირება მოვახდინოთ ივანიშვილის ამ ბინძური თამაშისგან, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას [...] ამ მოცემულობით ოცნებას არ აქვს საკმარისი ხმები, თუმცა მე ურთიერთბრალდების და სპეკულაციის რეჟიმში არ გადავალ, ამას თავს ავარიდებ შეგნებულად და შემიძლია, მხოლოდ პასუხისმგებელი ვიყო ჩვენს ფრაქციაზე", - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკითხზე კენჭისყრა ბოლოს იქნება, მანამდე კი პროცედურა იმპიჩმენტის წარდგინების მომხსენებლის და პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დასკვნით სიტყვას ითვალისწინებს.
16 ოქტომბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტში მისვლას აპირებს.
***
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტს 100 ხმა სჭირდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.