პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების განხილვა ისევ გრძელდება. ამჯერად დეპუტატები გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
ლილუაშვილი ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ლილუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა შეფასებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ლილუაშვილის კანდიდატურის წამოყენება, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
"ამ კანდიდატის წარდგენა ხდება კანონის დარღვევით, რადგან კანონში კონკრეტული ვადაა, რომლის მიხედვითაც, ადამიანი უსაფრთხოების სამსახურში უნდა მუშაობდეს, თუმცა ფორმალურად რომც ყოფილიყო შესრულებული ეს ნაწილი და დეკემბრამდე დაეცადა "ქართულ ოცნებას," მაინც არაფერი შეიცვლებოდა, რადგან დიდი პრობლემაა ის, რომ ივანიშვილი ადამიანებს ნიშნავს არა კომპეტენციის მიხედვით, არამედ მასთან ლოიალობის მიხედვით,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
საკადრო ცვლილებები რომ შერჩევითი სამართლის პრინციპით მიმდინარეობს, ამაში დარწმუნებულები არიან პარტია "ევროპულ საქართველოშიც." ირაკლი აბესაძის თქმით, ივანიშვილი კადრებს სხვადასხვა თანამდებობაზე საკუთარი ინტერესების მიხედვით ნიშნავს.
"ბატონი ლილუაშილი სუს-ის ხელმძღვანელის წარმოდგენილია იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებისთვის განახორციელა მორიგი სამთავრობო ცვლილება, რომლის ფარგლებშიც ყველა კადრი განაწესა ისე, რომ იყოს მისი პირადი ერთგული და კანონსაწინააღმდეგო დავალებების შემსრულებელი. რაც მთავარია, სუს-იც იქნება ერთ-ერთ ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელადაც ივანიშვილს სურს საკუთარი "ქართუ ბანკის" წარმომდგენელი," -განამრტავს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.
ლილუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრებები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ლილუაშვლს აქვს კარგი გამოცდილება და შესაბამისი განათლება.
"გრიგოლ ლილუაშვილს აქვს სხვადასხვა უწყებაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. მას აქვს კარგი განათლება. შესაბამისად სრულად დავუჭერ მხარს და ვფიქრობ, რომ მას ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.