სამი საათია მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიაში წმინდა სინოდის 8 წევრი იმყოფება. ისინი მეუფე გიორგისთან ჩავიდნენ. „კურიერის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის საუბარი მეუფის მიერ აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნას შეეხება, რასაც მარნეულში ეთნიკური აზერბაიჯანელების მხრიდან პროტესტი მოყვა.
სასულიერო პირებმა მარნეულის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინეს, ადგილზე იმყოფებოდა მაჟორიტარ-დეპუტატიც, თუმცა თამაზ ნავერიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„რა შუაშია ნარიმან ნარიმანოვი ქართველების და აზერბაიჯანელების ურთიერთობაში? მანდედან კი არ ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, ის საუკუნეებს ითვლის. ძეგლი არანაირ პრობლემას არ ქმნის. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი და კარგი ურთიერთობა, როგორც გვქონდა საუკუნეების განმავლობაში. მეუფე არის მოსიყვარულე, გამგები, პატრიოტი ადამიანი, როგორ შეიძლება მან გააღვივოს ურთიერთობა ქართველებს და აზერბაიჯანელებს შორის?“, - აცხადებს მროველ ურბანელი მიტროპოლიტი მეუფე იობი.
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი მეუფე მიქაელი კი აცხადებს, რომ მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიაში ლოცვების აღსავლენად და ნარიმან ნარიმანოვის საკითხზე სასაუბროდ ჩავიდნენ.
„ჩამოვედით, რათა ერთობლივი ლოცვები აღვავლინოთ. ნარიმან ნარიმანოვის საკითხზე სასაუბროდ ჩამოვედით. მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩემ სამშობლოს და სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხდა მეუფე მიქაელმა.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია კი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერი მიღებული გადაწყვეტილება ძეგლის აღებასთან დაკავშირებით სწორია და ამ საკითხში ისინი მეუფეს მხარდაჭერას უცხადებენ.
„მისი პოზიცია გარკვეულწილად გამოხატავს ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საბჭოური პერიოდის სიმბოლიკა იყოს აღებული. მეუფეს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მანამდე და ახლაც რა თქმა უნდა“, - განმარტავს მეუფე ანდრია.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის მეუფე დიმიტრის თქმით კი საქართველოში ბოლშევიკების ძეგლებისთვის ადგილი არ არის, შესაბამისად მეუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძეგლის აღებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.
„მე ვთვლი რომ ბოლშევიკების ძეგლები აღარ უნდა იყოს. მხარდაჭერას ვუცხადებ მეუფეს თავისი განცხადებებიდან გამომდინარე“, - განაცხდა მეუფე დიმიტრიმ.