ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულია.
"ჩვენ ვაგრძელებთ მასობრივი სისასტიკის ცნობების გამოვლენას რუსული ძალების მიერ უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, ეს კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს," - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ცნობით, 13 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ თვის დასაწყისიდან რუსმა სამხედროებმა ხერსონიდან 170-მდე ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მარიუპოლიდან 1000-ზე მეტი ბავშვი რუსულ ოჯახებშია გადაყვანილი.