logo
ENG



ბოჭორიშვილი: ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულება არ გვაძლევს ფუფუნებას გადაწყვეტილებებისთვის

16 მაი 202612:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/16/rn69u945rgmcfb5.png

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას.

ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება "დამატებით რისკს" შეუქმნიდა ქვეყანას და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა ამის შესაძლებლობას. 

"საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე დააყენოს.

ამ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებით", - თქვა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 

უკრაინის საგრეო აღნიშნავს, რომ "შეხვედრაზე 37-მა ქვეყანამ დაამტკიცა გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალისთვის საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით". 

ცერემონია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა, შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოები მინისტრთა დონეზე იყვნენ წარმოდგენილი.

 

 


close დახურვა