logo
ENG



ბრაკონიერობა და ზღვის დაბინძურება - კანონში ცვლილებები შედის, ჯარიმები იზრდება

13 ივლ 202416:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/13/dtxh7z7awrhpadp.jpeg

ბრაკონიერობისა და შავი ზღვის დაბინძურების პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატამენტის ინფორმაციით, შესაბამისი კანონი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამ კანონით რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები მნიშვნელოვნად მკაცრდება.

დეპარტამენტის ცნობით, 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე.

კანონის მიხედვით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ელექტროშოკური მოწყობილობა "თევზჭერის ელექტროიარაღად" დაკვალიფიცირდა. თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა კი, მკაცრად დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით - 181 პრიმა 6. ამ მუხლის თანახმად, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.


close დახურვა