პროპუტინური ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის გარემოცვიდან მიღებული ხმების მომატება და პარლამენტში შესვლა შესთავაზეს. ბრეგაძის თქმით, ამის სანაცვლოდ ქართულ მარშს პროტესტი უნდა შეეწყვიტა.
"შემიძლია ხატზე დავიფიცო, იყო შემოთავაზება, რომ ქართული მარში თუ გაჩერდებოდა, რამდენიმე ათას ხმას წაგვამატებდნენ და ბარიერს გადაგვალახინებდნენ. რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. შემოთავაზება იყო ირაკლი კობახიძის უახლოესი გარემოცვიდან. სულ რომ 10 კაცით შეგვიშვათ პარლამენტში, საჯაროდ ვდებ პირობას ვდებ, რომ ამ მანდატებს დავხევთ და სანაგვეში გადავყრით. ეს არ არის პარლამენტი", - თქვა ბრეგაძემ ფორმულასთან საუბარში.
თავის მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ "სააკაშვილი და ბრეგაძე ხმების დასაცავად ერთად იბრძვიან, ხოლო სანდრო ბრეგაძისა და მიხეილ სააკაშვილის ასარევი ეს ქვეყანა არ არის. აქ დგას ხელისუფლება და სანდრო ბრეგაძეებსა და მიხეილ სააკაშვილებს გაეცემათ მკაცრი პასუხი".
1 ნოემბრიდან ქართულმა მარშმა ქართული ოცნების ოფისთან აქციები დაიწყო. პროპუტინური გაერთიანების წევრების თქმით, ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და მათ ხმები მოჰპარეს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ქართულმა მარშმა მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.
წინასწარი შედეგები ასეთია:
ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)
ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)
ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა)
გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)
ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)
პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14% (60 493 ხმა)
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24 - 1,33% (25 534 ხმა)
ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში - ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.
ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას.