logo
ENG



გაბედე: გვინდა აჭარის ტელევიზიის დირექტორს გადავცეთ გაზეთი კომუნისტი

21 თებ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ტელევიზიის შენობასთან მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა საბჭოთა პერიოდის მედლები მიიტანეს. აქციის მონაწილეებს მედლების გადაცემა არხის დირექტორის, გიორგი კოხრეიძისა და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უნდოდათ, თუმცა ამის საშუალება მათ დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აქტივისტების თქმით, საბჭოთა სიმბოლოები სწორედ დირექტორსა და ბორდის წევრებთან ასოცირდება. 

„სახელმწიფო არ არის ხელისუფლება, სახელმწიფო ხალხია. ამიტომ, სრული უფლება გვაქვს, რომ ამ ტელევიზიაში შევიდეთ, მაგრამ დაცვა არ გვიშვებს. ჩვენ გვინდოდა მშვიდობიანად შევსულიყავით და გადაგვეცა პოლიტსაბჭოს წევრებისთვის და დირექტორისთვის მედლები და გაზეთი კომუნისტი. გადაგვეცა იმისთვის, რომ ისინი ერთგულები არიან „ქართული ოცნების“ და ერთი პარტიის დავალებას ასრულებენ მხოლოდ. მაშინ, როდესაც ხალხის დავალებას უნდა ასრულებდნენ“, - განაცხახდა „გაბედეს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ახალ მენეჯმენტს ზეწოლასა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ. ისინი აპროტესტებენ საშტატო ერთეულების გაუქმებას. თანამშრომლები გაფიცვითაც იმუქრებიან. 

სახალხო დამცველის რჩევის მიუხედავად ბორდის წევრებმა დეპარტამენტების უფროსების მოადგილეების პოსტები მაინც გააუქმეს, მათ შორის აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც პოლიტიკურ გადაცემებს და კრიტიკულ ახალ ამბებს ქმნიდნენ. გიორგი კოხრეიძის მოთხოვნას - ბორდის მხოლოდ იმ წევრებმა დაუჭირეს მხარი - ვინც ბორდში „ქართული ოცნების“ კვოტით იმყოფება.

ახალი დირექტორი ბორდს რამდენიმე საათის განმავლობაში არწმუნებდა, რომ სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები სამსახურებს შეინარჩუნებენ.

დირექტორმა ვერ დააკონკრეტა რა ფორმით აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას საინფორმაციო სამსახურის გუნდთან და დრო ორშაბათამდე ითხოვა. სხდომა პასუხების გარეშე დატოვა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს უთხრა, რომ დეტალები კონტრაქტებში გაიწერება, რომელიც ჯერ მზად არ აქვს.


close დახურვა