logo
ENG



გაბეჩავას მიმოწერა ახალი ტომიდან - როგორ არკვევდა მასპინძელი, ვინ დაპატიჟა ჩიქოვანი

23 ივლ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ანი გაბეჩავას განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი მის დაბადების დღეზე დაუპატიჟებელი სტუმარი იყო. ამის შესახებ ირკვევა ანი გაბეჩავას მიმოწერიდან, რომელიც მას დღესასწაულის ერთ-ერთ მონაწილესთან ჰქონდა და საქმის მასალებში არის ჩადებული. 

გაბეჩავა მიმოწერაში ცდილობს იმის გარკვევას თუ ვინ დაპატიჟა ან ვინ მოიყვანა მის დაბადების დღეზე ჩიქოვანი, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იჯდა. ის აგრეთვე ცდილობს იმის გარკვევას იცნობდა თუ არა დაბადების დღეზე მყოფი სტუმარი ნ.ხ. მანქანაში მყოფ რაგბისტებს

"ანა გაბეჩავა: ჩიქოვანი რატო იყო ჩემს დაბადების დღეზე? ვინმემ ამიხსნას

ნ.ხ.: არ ვიცი

ანა გაბეჩავა: ვინ მოიყვანა? ვინ დაპატიჟა? მართლა მაინტერესებს

ნ.ხ. აზრზე არ ვარ, მეც გამიკვირდა

ანა გაბეჩავა: დაიფიცე რო არ იცი

ნ.ხ.: და მომიკვდეს თუ ვიცოდე ვინ მოიყვანა ან ვინ უთხრა მოდიო

ანა გაბეჩავა: ესე იგი არავინ არ იცის... იმ რაგბისტებს იცნობ? ჩიქოვანს მაგარი დარხეული აქვს, მაგან მოიყვანა, მაგის მანქანა იყო

ნ.ხ: რატო?

ანა გაბეჩავა: რაღა რატო

ნ.ხ: კაი რა, მასეც არაა, ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი, არაფრის გამო რო თავს გიტეხავენ ქვით მგონი ლოგიკურია რო ამოხვალ ისევ, უბრალოდ ცუდ დროს ამოვიდა და ის უდანაშაულო ბიჭებთან არ უნდა მისულიყვნენ" 

კიდევ ერთ-ერთ სტუმართან მიმოწერაში გაბეჩავა ამბობს, რომ ჩიქოვანი დაბადების დღეზე თავად არ დაუპატიჟებია. 

"ანა გაბეჩავა: ნეტა გამოიძიონ და დამთავრდეს, თორე გავგიჟდები

ეთერი: კი ანი უნდა გამოიძიონ და ეს ბავშვი თუ მართლა მოკლულია, ძაან დიდი ხნით უნდა ჩასვან მკვლელი, უზომოდ დიდი ხნით

ანა გაბეჩავა: მართლა ეთუკა, ნაგვები, ჩაგვამწარეს ყველაფერი. გოგო შენ ხო იცი რომ ჩიქოვანი დაპატიჟებული არ ყოფილა, ვერც ვიცანი რომ მოვიდა". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან „მერსედესის“ შემდეგ „ტოიოტა ქემრი“ მივიდა - ამ ავტომობილის მგზავრებს გაურბოდნენ გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ტოიოტას მარკის ავტომობილში იჯდა ვახო ჩიქოვანიც. 

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ვახო ჩიქოვანი ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ის პირველ ინციდენტში მონაწილეობდა, კერძოდ კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელიც აგარაკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

დაპისიპირების დროს დაზიანებები მიიღო ჩიქოვანმა და არასრულწლოვანმა ზ.ხ-მ, რის შემდეგაც ინციდენტში მონაწილე პირების ნაწილმა ადგილი დატოვა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, ორი მანქანით უკან დაბრუნდნენ. 

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.


close დახურვა