logo
ENG



გაეროში რუსეთის ელჩმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ბარამიძის განცხადებაზე ისაუბრა

21 აგვ 202615:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/21/6cj87l730nhenap.png

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით გამართული დახურული სხდომის შემდეგ, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირის მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში და თბილისი ნატოში ჩაითრიოს, „კარგს არაფერს მოიტანს“. რუსი დიპლომატის თქმით, „საქართველოს ამჟამინდელმა პრაგმატულმა ხელისუფლებამ ეს კარგად იცის“.

ნებენზიამ გაიმეორა მოსკოვის ტრადიციული ნარატივი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე და აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგს, რისთვისაც კვლავ მოუწოდა მხარეებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისა და „საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის“ დაწყებისკენ.

ამასთანავე, რუსეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზეც:

„ცოტა ხნის წინ საქართველოში შიდა პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას. მან აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 90-იანი წლების დასაწყისში, ქართული მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ.“

ცნობისთვის, ბარამიძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოში „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით გამოძიების დაწყება მოჰყვა, თუმცა თავად ბარამიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ მას არ უთქვამს, თითქოს ქართველი სამხედროები აყვანილ ტყვეებს ხვრეტდნენ.


close დახურვა