გაეროს სადამკვირვებლო მისიამ მოამზადა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ კლავდნენ რუსი სამხედროები უკრაინის მოქალაქეებს კიევის, ჩერნიჰივის და სუმის ოლქებში. დაკვირვება ხორციელდებოდა 24 თებერვლიდან 6 აპრილის ჩათვლით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერომ ამ დროისთვის დააფიქსირა 441 მოქალაქის გარდაცვალება (341 კაცი, 72 ქალი, 26 ბავშვი), რომელიც რუსეთის შეჭრიდან ჩამოთვლილ ოლქებში პირველ 6 კვირაში დადგა. ამასთან, ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ მკვლელობების რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ამ რიცხვებს აღემატებოდეს, რადგან გაერო კიდევ 198 მკვლელობის დადასტურებაზე მუშაობს.
ანგარიშის მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობები არ შემოიფარგლებოდა კონკრეტული ლოკაციებით, თუმცა არის გარკვეული რაიონები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მაგალითად, ქალაქ ბუჩაში (კიევის ოლქი), რომელიც რუსების კონტროლქვეშ იყო 5-დან 30 მარტამდე, სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა 73 მოქალაქის მკვლელობა (54 კაცი, 16 ქალი, 3 ბავშვი) და გრძელდება მუშაობა კიდევ 105 შესაძლო მკვლელობის დადასტურებაზე.
ანგარიშში დეტალურად არის განხილული 100 მკვლელობა. მისიის შეფასებით, 100-დან 57 შემთხვევა იყო მკვლელობით დასჯა, 30 მკვლელობა მოხდა დაკავების ადგილებში, ხოლო 27 ადამიანი მოკლეს მალევე, როგორც კი ოკუპანტებმა ტერიტორია დაიკავეს.
ანგარიშის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობების შემდეგ ბევრი თვე გავიდა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მატილდა ბოგნერის თქმით, რუსი სამხედროებს მოწყობილ ციხეებში გადაჰყავდათ მშვიდობიანი მოქალაქეები, სადაც შემდგომ მათ წამებით კლავდნენ.
"ბევრი მსხვერპლის ცხედარია ნაპოვნი სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის სახლების სარდაფებში. მათ ხელები ზურგს უკან ჰქონდათ ხელები შეკრული და თავში ნასროლი", - ამბობს ბოგნერი.