გაზპრომთან გაფორმებული კონტრაქტის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვენ მთავრობისგან ოპონენტები. ეჭვები გასაიდუმლოებული ხელშეკრულების მიმართ თბილისში მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ივანიშვილის გუნდი თავად მოსკოვიდან ამხილეს. კრემლის პოლიტიკურ იარაღს საქართველოსთვის ბუნებრივი აირი არ გაუიაფებია, აცხადებენ „გაზპრომში“.
გაზპრომმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა. რუსულმა კომპანიამ უარყო ნათია თურნავას გუშინდელი განცხადება, თითქოს ახალი ხელშეკრულებით ქვეყანა გაზს 15%-ით ნაკლებ ფასად მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის საგარეო ორიენტაცია ერთადერთია, რასაც ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებებს და საქართველოს კრემლზე დამოკიდებულების გაზრდას უკავშირებს.
ნათია თურნავას დღეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნისას განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა მისი განმარტების მოსმენა თანაგუნდელებისთვის საჭირო არცაა, რადგან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეჭვი მინისტრის განცხადებაში არ შეაქვთ. მათი ნაწილის თქმით, „გაზპრომის“ თემის აქტუალიზებას ოპოზიცია და მედიის ნაწილი ხელოვნურად ცდილობს. „ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებით, განმარტებებს ითხოვენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებენ და ამბობენ რომ ქვეყანამ 2017 წელს გაზპრომთან ხელშეკრულების გადახედვით მნიშვნელოვნად იზარალა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. „ოცნების“ მთავრობის ტყუილები არ აკვირვებს არასაპარლამენტო ოპოზიციას. მათთვის ნათია თურნავას გუშინდელი განცხადება პირდაპირი ნიშანია იმისა რომ ხელისუფლება საგარეო ორიენტაციას ღიად იცვლის. რუსულმა გაზპრომმა საქართველოს ხელისუფლების გაშარჟება სპეციალისტების აზრით გასაიდუმლოებული დოკუმენტის დახმარებით შეძლო. მათი თქმით, რუსეთი რომ ჰიბრიდულ ომში ნავთობს აქტიურად იყენებს ახალი ამბავი არაა. ისინი მოითხოვენ, რომ ხელშეკრულების პირობები გასაჯაროვდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მინისტრის ტყუილი ნიადაგის მომზადება იყოს იმისთვის რომ რუსულ გაზზე ქვეყანა უფრო დამოკიდებული გახდეს.
რუსულ გაზპრომთან ბოლოს ხელშეკრულება 2017 წელს გადაიხედა, ხელშეკრულება მაშინაც საიდუმლოდ გაფორმდა, არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველო გაზპრომისგან ბუნებრივ აირს ათას კუბურ მეტრს 185 დოლარად ყიდულობს. მინისტრმა ტარიფის 15%-იანი შემცირება დაანონსა, თუმცა რუსული კომპანია ამ ინფორმაციას უარყოფს.