რამდენიმე თვეა გამოუძიებელია „პროგრეს ბანკის“ საეჭვო გადარიცხვები. პროკურატურა არ დაინტერესებულა ტრანზაქციებით, რომლებიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს და ეჭვი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე მიიტანეს. ამ თემაზე რეპორტაჟი თებერვალში ტელეკომპანია მესამემ მოამზადა. გამომძიებელი ჟურნალისტები ყვებოდნენ, რომ „პროგრეს ბანკს“ პატარა რუსულმა ბანკმა 2015-1016 წლებში 12 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა, რის შემდეგაც „პროგრეს ბანკი“ მალევე გაკოტრდა. ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ბანკმა გაკოტრებამდე საქმე სპეციალურად მიიყვანა, რომ ამ გზით საეჭვო გადარიცხვები დაეფარა.
სხვადასხვა დროს „პროგრეს ბანკის“ მფლობელები იყვნენ კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილთან ერთად, ბანკის მფლობელი იყო რუსი ბანკირი ილია გავრილოვი, რომელიც რუსეთში ფულის გათეთრებაში იყო ეჭვმიტანილი. მოგვიანებით კი „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად ის „თიბისიმ“ იყიდა. საეჭვო ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტები მთავარმა არხმა გაასაჯაროვა. მამუკა ხაზარაძემ კი პირდაპირ ეთერში საუბრისას ამ დოკუმენტების ნამდვილობა დაადასტურა.
„თიბისიმ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი. დანარჩენი არაჯანსაღი აქტივები ეროვნულმა ბანკმა გააქრო რადარებიდან" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა „პროგრეს ბანკის“ გადარიცხვების გამოძიებას „თიბისი ბანკის“ მსგავსად, ჯერ უცნობია. საგამოძიებო უწყებაში ბიძინა ივანიშვილის დაბარებას მამუკა ხაზარაძე ელოდება. ოპოზიცია კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში დაბარებას გეგმავს.