logo
ENG



გამოძიება კომენდანტის დარღვევის გამო - "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები შსს-ში არ მივლენ

08 თებ 202120:32
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის ფაქტზე მოძრაობა საქართველოსთვის წევრების მიმართ ​გამოძიება დაიწყო​.

მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობდნენ, შსს-დან დაუკავშირდნენ და ისინი უწყებაში დაიბარეს. რამდენიმე მათგანს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ამასთან დაკავშირებით, მოძრაობა საქართველოს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ შსს-ში მისვლას არ აპირებენ. ისინი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ითხოვენ.

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეზღუდვები, რომლებიც კოვიდ პანდემიის შესაკავებლად მოქმედებს ქვეყანაში, ემსახურება პოლიტიკურ კონტექსტს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შეზღუდვები, განსაკუთრებით კომენდანტის საათი, როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივად არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. შეკრების თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით და მისი შეზღუდვა მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ან საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის დეკრეტით.

მთავრობის დადგენილება ადგენს შეზღუდვას, შესაბამისად კომენდანტის საათის თუ სხვა რეგულაციის დარღვევის გამო, შეუძლებელია, ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში. მოძრაობა საქართველოსთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილება არის ის, რომ ჩვენი წევრები არ მივლენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე, ვირჩევთ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვას", - განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა ალიკა კუპრავამ.

ამასთან, მოძრაობის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, დააკმაყოფილოს სარჩელი და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურად ცნოს. 

"მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ბოლომდე იტვირთოს მცველის ფუნქცია და 7 თვის განმავლობაში რა სარჩელსაც იხილვას, ის სარჩელი დააკმაყოფილოს, ცნოს შეზღუდვები არაკონსტიტუციურად და არ შევიდეს პოლიტიკურ თამაშში", - განაცხადა კუპრავამ. 

მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვებით ქართული ოცნება პროტესტის მონაწილეების შეშინებას ცდილობს. 

"ქართული ოცნება თამაშობს ძალიან სახიფათო თამაშს. ამ შეზღუდვების მიზანი არის პროტესტის შეშინება. მოძრაობა საქართველოსთვის უკვე 72-ე დღეა, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და ცდილობს, ჩვენი მოძრაობის წევრები თუ სხვა აქტივისტები დააშინოს. ამის გამო, უარეს პროტესტს მიიღებს ქართული ოცნება და მოუწევს, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა", - განაცხადა ალიკა კუპრავამ.

6 თებერვალს, ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა დაუმორჩილებლობის მარში გამართეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი გააპროტესტეს.


close დახურვა