"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიკა ბოკერია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მისი თანაგუნდელის, გიგი უგულავას დაკავებაზე გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" საუბრობს.
ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი ქმედებებით უბიძგა პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრს, რომ გაერთიანებულიყო ყველა მის წინააღმდეგ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ოპოზიციური სპექტრი უკვე შეთანხმებულია იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებითაც დაიწყება არჩევნების შემდგომი პერიოდი კოალიციურ მთავრობაში.
„გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარი დაიჭირეს, უგულავას დაკავება ჩვენი პარტიისთვის უზარმაზარი დარტყმაა. მაგრამ იმ ამოცანისთვის, რაც ივანიშვილს აქვს, რომ საზოგადოებრივი ბრაზი ჩაახშოს და რომ ეს ბრაზი არ გამოიხატოს აქციებში, და რაც უფრო მთავარია, არჩევნებზე, ეს მხოლოდ გააფუჭებს საქმეს. არანაირი შუა აღარ არსებობს - არის ყველა, ძალიან განსხვავებული ხალხი, გაერთიანებული ამოცანის გარშემო, რომ ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ. მართლა საჭიროა ივანიშვილის მოშორება - იმიტომ კი არა, რომ რაღაც გული მოვიფხანოთ; იმიტომ, რომ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ვითარებამ ყველა აიძულა, რომ ერთ მხარეს დადგეს. მართლმსაჯულების საკითხზე გვაქვს ახლა ფოკუსი, რაც ვერავინ ვერ გადაჭრა - სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ამ მინიმალური გეგმის შესრულების შემდეგ უნდა იყოს პროპორციული არჩევნები - მერე უკვე ამომრჩევლები თვითონ გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა, როცა ამ ჭირს მოვიშორებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.