logo
ENG



გახარია: აკრძალავენ თუ არა ჩვენს პარტიას, ჩვენ უკან არ დავიხევთ

15 სექ 202611:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/l5c5p6bfvnmbsml.png

"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდი ყოფილი პრემიერის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.

გახარიას თქმით, ივანიშვილი ცდილობს აკრძალოს ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია.

"ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი პარტია, "საქართველოსთვის", შეიყვანა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში, რომლის მიზანიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.

მიუხედავად უმძიმესი შეზღუდვებისა, ჩვენ თანმიმდევრულად ვმონაწილეობდით ყველა არჩევნებში, რადგან არჩევნებს პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მივიჩნევთ.

ჩვენი პარტია ამჟამად ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი. ჩვენზე მიზანმიმართული შეტევით ივანიშვილი ცდილობს, აკრძალოს ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმს პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მას პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური პარტიის არსებობაც კი ვერ აუტანია, რადგან კრიტიკულ ხმას ვერაფერს უპირისპირებს.

ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამკვიდრებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად.

აკრძალავენ თუ არა ჩვენს პარტიას, ჩვენ უკან არ დავიხევთ - გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს დემოკრატიის აღსადგენად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზის დასაცავად", - წერს გახარია

ცნობისთვის, ივანიშვილის ხელისუფლება ასაკრძალი პარტიების სიას აფართოვებს. ამ სიაში "ქართულმა ოცნებამ" ახლა გახარიას პარტიაც შეიყვანა და ახალი სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. 

გახარიას პარტია ერთადერთი იყო ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის რომელიც პარლამენტში შევიდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოცნების დეპუტატები მათ საპარლამენტო ცხოვრებაში არასათანადო ჩართულობას და დესტრუქციულ ქმედებებს ედავებიან.

პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე იანვარში უნდა მიეღო, მას შემდეგ რაც ოცნებამ სარჩელი ფედერალისტების დამატებით განაახლა, თუმცა გახარიას პარტიის დამატებით ამ დროის ათვლა ხელახლა დაიწყება და კიდევ 9 თვე განისაზღვრება. 


close დახურვა