logo
ENG



გახარია: როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, მე ხმას არცერთს არ მივცემ

30 ოქტ 202110:10
3 წუთის საკითხავი
 

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მივიდა. 

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხმა საქართველოსთვის მისცა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოსთვის და კონკრეტულად ვინ შემოხაზა, გახარიამ ასე უპასუხა:​

"​საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ, როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ", - თქვა გახარიამ.

მისი შეფასებით, ეს არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი იყო.

"სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც თავისუფალი არ იყო, არც სამართლიანი იყო. ეს იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები. საერთოდ, ჩვენ ყველა თუ არ დავფიქრდით პირველ რიგში, ფულის როლზე, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ შეიძლება არჩევნებმა აზრი დაკარგოს", - ამბობს გახარია.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. 

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს. 

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.


close დახურვა