logo
ENG



გახარია აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს თბილისში შეხვედრას სთავაზობს

30 სექ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 
გახარია აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს თბილისში შეხვედრას სთავაზობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს თბილისში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ გახარიას განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია "უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე". გახარია მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში", - ნათქვამია განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა.


close დახურვა