მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" შეეხო, რომლის გადაწყვეტილებაც დღეს, 21 იანვარს საქართველოს დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი. გიორგი გახარიას თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. პრემიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.
გახარიას თქმით, მთავრობას ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი გეგმა აქვს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს ხანებში გააცნობს.
"დღეს არის უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს გარდა იმისა, რომ ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქეების კომპენსაციას ახდენს და იქმნება საფუძველი ამისთვის, ეს იქნება შემდგომი საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში:
კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება".
ასევე, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული "ისკანდერის" ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ.