მოძრაობა #სირცხვილია ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძისთვის სასჯელის მისჯის გასაპროტესტებლად აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები 15 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და "მთავრობის უმოქმედობას" გააპროტესტებენ.
"ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 15:00-ზე ვიკრიბებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩიტაძის 4-ში! მთავრობის უმოქმედობა და ფასადური ინტერესი ამ საქმის მიმართ დანაშაულია! #სირცხვილია", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
დღეს, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მათი განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.