logo
ENG



გვარამიას საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე საათში დაიწყება

03 იან 202011:37
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული პირების პროცესი განახლდება. როგორც გვარამიას ადვოკატი აცხადებს, იწყება საქმის არსებითი განხილვა, ხოლო დღევანდელ სხდომაზე პროცედურული საკითხები განიხილება. დაცვის მხარე აპირებს შუამდგომლობის დაყენებას მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ.

„დღეს პირველი სხდომაა არსებითი განხილვის, მოხდება პროცესის გახსნა და დადგენა მხარეების, შემდგომში ამ მხარეების შუამდგომლობების განხილვა, პრინციპში პროცედურული საკითხებით შემოიფარგლება. ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა მტკიცებულებათა ნაწილის საქმეზე დართვის. საქმეში არის ძალიან ბევრი მოწმე და როგორ მოხდება მათი გამოძახება, ჯერ უცნობია“, - აცხადებს ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით ამ ქმედებებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ რამდენიმე მილიონის ზარალი მიადგა. შეგახსენებთ, რომ ბოლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშისა და ყოფილი მეწილის, ნინო ნიჟარაძის დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო.


close დახურვა