logo
ENG



გველები ამოდიოდნენ და გადავწყვიტეთ, რამე დაგვეგო - წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი

20 ივლ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
oa35bl62pdbxi6r.jpg

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების შესახებ ტაძრის წინამძღვარმა მამა იასემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ტაძრის კედლები დანგრეული იყო და ეკლესიაში გველები შედიოდნენ.

მამა იასეს თქმით, თუ ვინმეს გაკეთებული არ მოსწონს, შეუძლია, ყველაფერი აღგავოს.

„ტაძრის კედლები იყო დანგრეული, დაბლიდან ამოდიოდნენ ქვეწარმავლები, გველები შემოდიოდნენ ეკლესიაში. ჩვენ ამ საფლავზე გამოვაცხადეთ სოციალურ ქსელში, სუმბათაშვილებს გთხოვთ მობრძანდით, ჩვენ გვინდა ამ იატაკის რესტავრაცია და როგორ გავაკეთოთ, თქვენ წინადადებებს ველოდებითო.

ველოდეთ ჩვენ 8 თვე. 8 თვეში მოვიდა 16 წლის პატარა გოგო, მეტი არავინ გამოჩენილა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოსწონს, მე დღესვე შემიძლია ეს ყველაფერი აღვგავო. ეს სამუშაოები დაიწყო მამა გიორგი ტაბაღუამ. მე არ მიფიქრია, თუ საბუთები არ არსებობდა, მე მეგონა, რომ საბუთები არსებობდა თუნდაც ძეგლთა დაცვაში“, - განაცხადა მამა იასემ.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ისან-სამგორში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ფოტოებს ავრცელებს და მე-19 საუკუნის ისტორიული საფლავების განადგურებაზე საუბრობს. როგორც თეოლოგი წერს, ტაძრის რესტავრაციის დროს განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რომლებიც შესწავლილი არ იყო.

ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ძეგლზე რეაბილიტაციის განაცხადით სააგენტოსთვის არ მიუმართავთ. შესაძლოა, საქმეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.


close დახურვა