logo
ENG



გზების დეპარტამენტი: უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მეწყრულმა პროცესმა ფერდის ზედაპირი ჩამოშალა

14 მარ 202300:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/14/cibx92f0ykfns21.png

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მიმდინარე მშენებლობის პროცესში, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

მაგისტრალის ჩამონგრეული ნაწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შემდეგადაც გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყრულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება. სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა