logo
ENG



გთხოვთ, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ შვილებს - მაჩალიკაშვილი თანამოქალაქეებს მიმართავს

31 დეკ 201903:15
3 წუთის საკითხავი
 
x5lqipl8s0dd12k.jpg

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის აღებას ეხმაურება.

როგორც მაჩალიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ის მოსახლეობას სთხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ, სადაც მერიამ ატრაქციონები, შვილმოკლული მამების კარვების ნაცვლად დაამონტაჟა, ბავშვები არ მიიყვანონ. 

“პირველ რიგში, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს. მე მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილს, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი, კუთხეში მიმწყვდეული მხეცი, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც… ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალწელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი”, – წერს შვილმოკლული მამა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომარეობა პერიოდულად იძაბება. ადგილზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება პერიოდულად ხდება. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი და ნოდარ რუხაძე. ასევე დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ერთ-ერთ პოლიციელს მონა უწოდა. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვების აღება დაიწყეს. მანამდე პარლამენტის წინ წელზე მეტხანს მალხაზ მაჩალიკაშვილის, ზაზა სარალიძის და სხვადასხვა აქციების მონაწილეების კარვები იყო გაშლილი. მერიამ და პოლიციამ კარვების დაშლა პარლამენტის შენობაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟით ახსნეს. 

 


close დახურვა