ექიმი გია გვარამია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს და კოლეგებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს კონტაქტი მოშიმშილე პრეზიდენტთან, სთხოვს, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.
"ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება გუშინდლიდან, თუ როგორ მძიმდება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დამაბნეველია, რომ ოფიციოზი სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს, მაგრამ შიმშილობის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ცხადია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო უნდა იყოს.
ვეთანხმები მოწოდებას, რომ დუმილი ამ დროს შეუძლებელია, არ შეიძლება სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ, ვინც არ უნდა იყოს პაციენტი. სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და უზრუნველყოს მისი სიცოცხლის ღირსეული შენარჩუნება. აღარ არის ნიშნის მოგების დრო, ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე, ადამიანურად მოვეპყროთ პაციენტს და კიდევ ერთი მძიმე ლაქა არ დავტოვოთ ქვეყნის ისტორიაში.
მივმართავ ყველა იმ ექიმს, ვისაც შეიძლება ქონდეს კონტაქტი მოშიმშილე პრეზიდენტთან, გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს. ნუ მიიღებთ ადამიანის და ქვეყნის ტრაგედიაში მონაწილეობას". - წერს გია გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 45-ე დღეა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ექიმმა გუშინ, 13 ნოემბერს თქვა, რომ ექსპრეზიდენტს სიარულიც არ შეუძლია.
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.