განხორციელდება თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი ამერიკული ინვესტიციით და ამ კონსორციუმის პირობებში - ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება ჩაშლის პირას მყოფი პროექტიდან კონსორციუმის ჩამოშორებას გეგმავს.
„ჩვენი ხელისუფლება თამაშობს მხოლოდ თავის თამაშს. არ ვფიქრობ, რომ მათი ამოცანაა პროექტის ჩაშლა. მათ ამ ეტაპზე უნდათ პროექტის კონტროლის ქვეშ აყვანა, თვითონ გადმოიბარონ და მოაშორონ იქიდან ხაზარაძე. ამის შემდეგ კი ივაჭრონ ამ პროექტის განხორციელებით და არგანხორციელებით. ისინი ხედავენ, რომ შტატებს სტრატეგიული ინტერესი აქვს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შეეცდებიან, რაღაც ფასი გადაახდევინონ აშშ-ს. რა შეიძლება იყოს ფასი? - ეს ფასი არის პოლიტიკური გარანტიების მიღება. თუ ამერიკისგან ვერ მიიღებენ, შეიძლება იგივე პროექტი მიყიდონ რუსეთს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ანაკლიის პროექტის გარშემო მითქმა-მოთქმა გამოიწვია „კონტი ჯგუფის“ განცხადებამ იმის შესახებ, რომ ის კონსორციუმს ტოვებს.