logo
ENG



გიგაური: ცუდია, რომ დაკავებულების უფლებები ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო დაცული

19 ნოე 201920:30
3 წუთის საკითხავი
 
8wmq62md5wt4oxj.jpg

18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლისას დაკავებულთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. პროცესზე უკვე რვა დაკავებულის პროცესი გადაიდო 2 საათით. თუმცა, ადვოკატებისთვის წარმოუდგენელია თუ როგორ უნდა წარმოადგინონ ორ საათში დამატებული მტკიცებულებები. 

სასამართლო პროცესზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი საუბრობენ, რომ დაკავებულთა ნაწილი არასათანადო მუხლებით არიან დაკავებულები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ უცნაურია, როდესაც 37 დაკავებულის საქმეს 1 მოსამართლე იხილავს.

„ძალიან უცნაურია თუ რატომ ხდება, რომ ერთი მოსამართლეა ამ საქმეების განმხილველი. პრობლემაა, როდესაც ადამიანები რომლებიც სასამართლო პროცესზე უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, არიან დაკავებულები. საკვების მიღება მხოლოდ 1 საათის წინ მოახერხეს ამ ადამიანებმა," - აცხადებს მშვენიერაძე.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი აცხადებს, რომ დაკავებულების უფლებები ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო დაცული.

„იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ეს არ იქნება ის მაგალითი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვისაუბრებთ - მათ მიიღეს პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება. ცუდია, რომ დაკავებულების უფლებები ამ პერიოდის განმავლობაში არ იყო დაცული," - განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას 37 პირი დააკავეს.


close დახურვა