ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზღვისპირა ქალაქში ორ ადგილზე იკრიბებიან და მშვიდობიანი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. მოთხოვნა უცვლელია: გაიმართოს ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის ლიდერებს შორისაა "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია, რომლის თქმითაც, დღეს უმრავლესობის მოთხოვნა ერთია და ესაა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება.
"აქ შეკრებილნი არიან აქტიური მოქალაქეები, თუმცა არიან სხვები, რომელთა კითხვა ასევე ერთია - ამ რეჟიმის და სამარცხვინო ლიდერის ჩამოცილება ქვეყნიდან მშვიდობიანად. ყველამ იცის, რომ ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, რადგან მან თქვა, რომ სიტყვას ფასი არ აქვს. ის კონსენსუსი, რაც არსებობს, რომ ქვეყანა მიდის უფსრულისკენ, ამას არ გადაყლაპავს ქართული საზოგადოება. არც აქტიური მოქალაქე და არც ის, ვინც აქტიური არაა", - აღნიშნა ბოკერიამ.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" ახალ ინიციტივას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით (100 პროპროციული, 50 მაჟორიტარი), გიგა ბოკერიას თქმით აღნიშნული არაფერს შეცვლის, ამიტომ ოპოზიცია მას არ დაეთანხმება.
"ოცნების წინადადება თავისი შინაარსით არასერიოზულია და პრინციპი იგივე რჩება, რომ გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს. უკეთესი ხელისუფლების დროსაც კი საზოგადოებას სურს, რომ არცერთი ხელისუფლება არ იყოს უკონტროლო. ჩანს, რომ დიდი წნეხის ქვეშ არიან და წვალობენ, რადგან თავიდან არც განიხილავდნენ მოლაპარაკებებს. ამიტომ ქვეყნის შიგნიდანაც პროტესტი გაგრძელდება, ხოლო გარედან - ასეთი წნეხი", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესებს, ამიტომ წნეხის ქვეშ ჰყავთ "ქართული ოცნება". ეს პროცესი არ დასრულდება, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
"საქართველოს მეგობრებს სურთ, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ამიტომ წნეხი გამწვავდება ყველა იმ ძალაზე, რომელიც ამ ინტერესს საფრთხეს უქმნის. ოღონდ ჩრდოლოეთისგან განსხვავებით, დასავლეთი კი არ ერევა შიდა საქმეებში, არამედ ქართველი ხალხის ნებას უჭერს მხარს. როგორც გაირკვა, "ქართული ოცნება" ფულს ხარჯავდა ჩვენი მტრის ნარატივის გამყარებაზე და ამას მოჰყვება შედეგები, ამიტომ დროა, დროულად მოეგოს გონს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
აქცია ბათუმში ცოტა ხნის წინ დაიწყო და ის ოპოზიციის ლიდერების ორგანიზებით ტარდება. მთავარი მოთხოვნა კვლავ პროპორციული არჩევნებია.