კიდევ 6 დაკავებული, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შვილი. მოძრაობა გაბედეს წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სუს-ის უფროსთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ. მოძრაობის წევრებს სამართალდამცველებმა შენობის შესასვლელის პიკეტირების საშუალება არ მისცეს.
„სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ ჟანდარმერიად, ის ემსახურება არა ქვეყნის უსაფრთხოებას, არა საოკუპაციო ხაზთან ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოდ ყოფნას, არამედ დასდევს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ატარებს არჩევნებს, აკავებს, ახორციელებს უკანონო თვალყურსა და დღეს მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს აპროტესტებდნენ ამის გამო დააკავეს 6 ახალგაზრდა,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ.
შსს-ს წარმომადგენლის ინფორმაციით დაკავებულია 6 პიროვნება, რომლებიც სუს-ის შესასვლელის ბლოკირებას ცდილობდნენ და ამის შემდეგ ვაჟა-ფშაველას ქუჩის გადაკვეთას აპირებდნენ. ექვსივე დაკავებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არის გადაყვანილი. საქმე 173-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.