logo
ENG



გიორგი ვაშაძე: 1 წელი უნდა მოვითმინოთ, არჩევნების შემდეგ რამდენიმე წელში ავაშენებთ ანაკლიას

15 ოქტ 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
nelnfhcen3erd6q.png

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის კიდევ 1 წელი დარჩა, რის შემდეგაც ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. 

მმართველ გუნდის წევრი თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ კონსორციუმს არა საბოლოო, არამედ შუალედური ვადა მისცეს.

„მე რამდენადაც ვხვდები, ეს არის არა საბოლოო, არამედ შუალედური ვადა. წლის ბოლომდე აქვს კონსორციუმს კონტრაქტი გაგრძელებული, ამიტომ ახლა, დღის ბოლომდე გარკვეული შუალედური ვალდებულებების შესრულება უნდა უზრუნველყონ", - აცხადებს ჩუგოშვილი. 

„ფორმულასთან“ საუბარში „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც "ქართული ოცნება" დამარცხდება, 2-3 წელში ანაკლიის ადგილზე განვითარების ცენტრი შეიქმნება.

„რამენაირად უნდა მოვითმინოთ და რამენაირად ნაკლები მავნებლობა უნდა ჩავადენინოთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი, ერთი წლის შემდეგ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ანაკლიას ავაშენებთ კერძო ინვესტორებთან ერთად. 2-3 წელიწადში ნახავთ რამხელა განვითარების ცენტრს შევქმნით ანაკლიის ადგილზე,“- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრამდე ეძლევა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენს, შესაძლოა მთავრობამ კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გააუქმოს.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტების ჩაბარებას არ აპირებს.


close დახურვა