logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!"

17 ნოე 202415:07
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ ჯავახიშვილს უბის წიგნაკში ერთი საინტერესო ფაქტი აქვს ჩანიშნული: ბოტანიკოსები ხის ასაკს გადანაჭერზე წრეების რაოდენობით თვლიან. ანუ ხის ტანს წელიწადში ერთი წრე ემატება. ხანდახან ხდება როცა გვალვის, თუ სხვა კლიმატური პრობლემის გამო ხე ზრდას თითქმის აჩერებს და შესაბამისად აღარც ახალი წრე ჩნდება. საქართველოს ისტორია სავსეა არა თუ წლებით - ეპოქებით, როდესაც სახელმწიფოებრივი განვითარების, კულტურული თუ ეკონომიკური ზრდის კუთხით პროგრესს ვერ ვაღწევდით და პირიქით - რეგრესის შავი ისტორიული ხვრელები ჩნდებოდა. გავა წლები და ისტორიკოსები საქართველოს ისტორიის თანამედროვე მონაკვეთს, უკეთეს შემთხვევაში სრული სტაგნაციის, შედეგების გაუზვიადებელი, ობიექტური შეფასებით კი  სახელმწიფოებრივი და მორალური დეგრადაციის და უკუსვლის შავ ხვრელად შეაფასებენ.

მასობრივად ფალსიფიცირებული საარჩევნო პროცესის სიმბოლოდ ქცეული გაჟონილი შავი ლაქა,  ამ პროცესზე ფორმალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირის შავი საღებავით დათხვრილი გამოსახულება და სუს-ის ბრძანებით, რექტორატის მიერ გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ ფანჯარაზე მომძვრალი სახელურები და ჟანგბადის, წყლის და სითბოს გარეშე დატოვებული სტუდენტები არამარტო გასული კვირის - ამ შავ ხვრელად ქცეული ეპოქის ილუსტრაციებია.

რადგან მიხეილ ჯავახიშვილით დავიწყეთ - ჩვენი ეპოქის დრამატიზმის არამარტო მხატვრული გააზრებისთვის "ჯაყოს ხიზნების" გახსენებაც წაგვეხმარება.

დასავლეთის სისუსტემ, უფრო სწორედ დაგვიანებულმა რეაქციამ და ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელმა სტრატეგიამ, რევიზიონისტი ავტორიტარების, მოძალადის შეკავების მექანიზმების არაქმედუნარიანობის, უფრო ზუსტად კი ნების არ არსებობის გამო მოტანილმა შედეგმა, ომით ხალხის დაშინებამ და წინააღმდეგობის გაუწევლად ისტორიულ არჩევანსა და ფაქტობრივად საკუთარ თავზე უარის თქმამ, საარჩევნო ბიულეტენისა არ იყოს - ერში თეიმურაზ ხევისთავების სიმრავლე გამოამჟღავნა.

ქართველი ხალხის ნება თვალსა და ხელს შუა გააუპატიურეს, ოღონდ ისეთიც ბევრი აღმოჩნდა, რომლის არჩევანიც არა ხმის კონტროლის მუქარამ - ,,უარესის" შიშმა განაპირობა.

მიხეილ ჯავახიშვილია ალიბი ჩვენი მდგომარეობის ოდნავ შესამსუბუქებლად, უფრო ზუსტად იმის გასააზრებლად, რომ არაფერი ხდება ისეთი, რაც ადრე არ მომხდარა და რაც ჩვენ თუ სხვა ერებს არ გამოუვლიათ.. თუმცა დღევანდელობისა და მომავალი თაობისთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია. "ჯაყოს ხიზნები" როცა დაიწერა, მაშინ საქართველოს ალტერნატივა, სამწუხაროდ საერთოდ არ ჰქონდა. ახლა ევროკავშირის წევრობა ერთი ხელის გაწვდენაზეა, მასთან ერთად ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, ან მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს კანონმდებლობით გამყარებული დაპირება მისი პატარა, მაგრამ რეგიონში გამორჩეულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე.

ამის ფონზე, არცთუ უსაფუძვლო და უარგუმენტო, მაგრამ მაინც ფობიებით, უკეთეს შემთხვევაში ხევისთავური პასიურობით, უარეს შემთხვევაში სახელმწიფოს მიმტაცებელ ჯაყოებთან თანამშრომლობით დარტყმის ქვეშ ვაყენებთ იმას, რაც თუნდაც დღეს გვაქვს - ევროკავშირის კანდიდატობას, ვიზალიბერალიზაციას, მეტ-ნაკლებად სტაბილურ ფინანსურ წესრიგს და რეგიონში ექსკლუზიური - დასავლური ტიპის საზოგადოების რეპუტაციას. სადაც აქამდე მოვედით, გამოგიტყდებით და მგონია რომ არ მაქვს საფუძველი ასაკოვანი ხევისთავების იმედზე ყოფნის. საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობის აღების უნარის ატროფიის მქონე, ,,დათვისთვის ბაბაიას“ დამძახებელი, თუ უამრავი კატაკლიზმისა და მარცხის გამო დაღლილი, გამოფიტული, ან ცხოვრებისეული, სოციალური ვალდებულებებით დამძიმებული უფროსი თაობების არცთუ უმნიშვნელო ნაწილისთვის უფლებებისა და სუვერენობის დათმობა უღირსი მშვიდობის სამაგიეროდ უკვე გამოცდილი რეალობაა...

ის, ვისთვისაც თავისუფლების დაკარგვა, ხალხის უმრავლესობის ნების გაუპატიურება,  საარჩევნო ხმის წართმევა, დემოკრატიულ წესწყობილებაზე უარის თქმა, ავტორიტარის ინტერესებზე მორგებული კორუფცია, კონსტიტუციის თავზე გადახევა, ევროპული პერსპექტივის ჩაჩეხვა და რუსულ ორბიტაზე დიდი ხნით დამაგრება მოქალაქეობრივ სიკვდილს ნიშნავს - ქართველი ახალგაზრდობაა. მას და მხოლოდ მას შეუძლია უფროსი თაობის ხევისთავების ცვედანობით გათამამებულ ჯაყოებს აღვირი ამოსდოს, ქვეყანა, სახელმწიფო და საკუთარი ღირსება გადაარჩინოს და ევროპული, ანუ თავისუფლების და საყოველთაო კეთილდღეობის პრინციპზე აგებული მომავალი აქ - საკუთარ სამშობლოში, საქართველოში დაიმკვიდროს.

ოპოზიციურ პარტიებთან, პრეზიდენტთან, დასავლელ მეგობრებთან ერთად, მხოლოდ მათი შეუპოვრობის, ენერგიულობის და თვითორგანიზების ნიჭზეა დამოკიდებული ახლა ქვეყნის ბედი.. და ისიც, რომ თავად ისინიც, მომავალში, ხევისთავებად არ გადაიქცნენ. მოკლედ აკაკის და მისი იმედიანი შეძახილისა არ იყოს: "ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!…"


close დახურვა