logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: კონსერვატიზმის რუსული სიმულაკრი და დათვთან ჩახუტება

10 მაი 202321:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/10/nus8ntge35m6h0s.png

წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილი ჩოხასა და ქამარ- ხანჯალში.. გაგიჭირდათ? .. ცოტას ჩვენც დაგეხმარებით: უცნობის რალფ ლორენის საწვიმარში კი არა, მართლა რა ტიპის ქართული კონსერვატიზმის გულშემატკივრობასაც იბრალებენ - მათ სტილსა და განწყობაში.. აი, მაგალითად, ყანწით ხელში, ან ხმალაღმართული, ან ნებისმიერი ეპოქის და ზოგადად, ქართველობის სიმბოლოებად ქცეულ ფორმას, თარგსა თუ საქციელში.. მაგალითად, მეგობრისთვის გზადდახიდად გადებული, ან ტარიელივით ველად გაჭრილი, ან ქაქუცასავით დაუნებებელი, ან ნამდვილი ექვთიმესავით, ერთი თხის ანაბარად ქვეყნის საგანძურის ხელუხლებლად შემნახავი, ან წინა და ნაწილობრივ ამ საუკუნის ქართველი მამაკაცის რუდიმენტული იდეალი "კარგი მსმელი და მჭამელი, კარგი დამრტყმელი..''

მოკლედ რა გასაქანიც არ უნდა მისცეთ თქვენს ფანტაზიას - საკმარისია "კონსერვატორი" ქართველი კაცი და - ბიძინა, დილის 7 საათზე ამდგარი, იოგას რომელიმე პოზაში, სტაფილოს წვენით ხელში, ერთდროულად, ერთ კონტექსტში წარმოიდგინოთ - ნებისმიერ თქვენს წარმოსახვით მცდელობას გადაულახავ წინააღმდეგობასა და ჩიხში შეიყვანთ - მოკლე ჩართვა მოხდება. აი, სწორედ ასეთია ოცნების მიერ ძალად შემოტანილი და შემოტენილი ქართული კონსერვატიზმის სიმულაკრი.

ასეთი ქცევა რომ ერთდროულად რუსეთთან საერთო იდეოლოგიურ კალაპოტში ჩადგომის, მახინჯი ავტორიტარიზმის შენებით ქვეყნის საძარცვავად ძალაუფლების შენარჩუნების და შესაბამისად, დასავლეთისგან დისტანცირებას ისახავს მიზნად საკუთარ სინდისთან მართალი, მოაზროვნე ყველა ადამიანისთვის ნათელია.

პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება ზუსტად ამ რეალობის გაფორმებაა: ოცნების საქართველომ ოფიციალურად გადაინაცვლა ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებული რუსეთის მეგობარი ქვეყნების სიაში. სომონიანის ნასიამოვნები კომენტარი - "მომავალ 9 მაისს ქართველების წითელ მოედანზე ხილვის" შესახებ, აღარანაირადაა უსაფუძვლო და ჰიპოტეტიური: ბოლოსდაბოლოს, რაღა დარჩა, რასაც პუტინის მოკავშირე არ გააკეთებდა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში? დასავლეთი ქართველი ერის გადამგვარებლად და ომში ჩართვის მცდელობის გამო ქართული სახელმწიფოს გამანადგურებლად გამოცხადებული გვყავს, უკრაინის მებრძოლი მთავრობა ლამის საკუთარი ერის გენოციდის მომწყობ კორუმპირებულ დამნაშავეთა ბანდად, სანქციებს არ ვუერთდებით, რუსულ ფულს აქ ვაბანდებთ, ქართულ ეკონომიკას რუსული კაპიტალის მძევლად ვაქცევთ, ყოველმხრივ სანქცირებული რუსეთისთვის საქონელს უპრობლემოდ ვატარებთ, ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მედიას ისე ვექცევით, როგორც ახალგაზრდა პუტინი, პროგრესულად მოაზროვნე ამბიციურ ხალხს ქვეყანას ვატოვებინებთ, ფსევდორელიგიურ კონსპიროლოგიურ ბოდვებს უმაღლესი ტრიბუნებიდან და ამბიონებიდან ვქადაგებთ და ქვეყანას ცნობიერების სიბნელისკენ მივაქანებთ... მოკლედ, არ არის აუცილებელი მავზოლეუმის ტრიბუნაზე დგომა.. დღეს იქ პოლიტიკურ მუმიად ქცეული პუტინი და ლუკაშენკოც აღარ დგანან.. არც ამათი წინაპრების სტალინთან და ორჯონიკიძესთან შედარებაზე უნდა ვკარგავდეთ დროს და ვურევდეთ ფოკუსს - ვინ მიცა ამათ ან იმ მარქსისტების იდეოლოგიური ფანატიზმი, ან მთელი მსოფლიოს წიხლქვეშ გაგდების დაუოკებელი ამბიცია.. უბრალოდ გვაბარებენ.. აქაურობის ერთი კლანის საჯიჯგნად დატოვების ფასად.. იაფად და პრიმიტიულად..

სად დგას ეს ქვეყანა?! დღეს პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე დასმული ეს კითხვა სულ უფრო მეტად იძენს რიტორიკულ ხასიათს. კითხვებს ჩვენ, ჟურნალისტები, ან რიგითი მოქალაქეები შეიძლება და უნდა ვსვამდეთ. სად დგას და საით მიდის ეს ქვეყანა, რომელიც ჩვენ თუ არ ჩაგაბარეთ - თქვენ ხომ ჩაიბარეთ?! პასუხი სწორედ ქვეყნის მმართველებს და მათ შორის პრეზიდენტის სტატუსის მატარებელ პირს პირველ რიგში თავად მოეთხოვება.
წლის დასაწყისში ევროკავშირის მიერ ჩართული წამზომი დღეს კიდევ უფრო დაჩქარდა. უვიზო და პირდაპირი ავიამიმოსვლით ჩვენ უფრო მეტად ვუახლოვდებით მოსკოვს და ვშორდებით ცივილიზებულ დასავლეთს.

დათვთან ჩახუტებით ივანიშვილის ხელისუფლება სიამოვნების მეტს ვერაფერს გრძნობს, ისედაც დასუსტებულ, ორიენტაციაარეულ ქართულ სახელმწიფოს კი საფრთხეს დრამატულად უზრდის - სხვა დროს რუსული დათვის კლანჭებში გაგუდვა გარდაუვალი იქნებოდა, დღეს თავად რუსეთი შედის ისეთი კატასტროფის ფაზაში, როცა არათუ საყრდენი რეჟიმების, საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვაც კი სათუო გაუხდება. მაგრამ გავიმეორებ ამ სტუდიიდან ჩემს მიერ არაერთგზის ნათქვამს: მარტო სხვის იმედად ყოფნა ჩვენი დრამატული შეცდომა იქნება: პუტინი ომს წააგებს. რაც იმას მომენტალურად შეიძლება არ ნიშნავდეს, რომ რუსეთი, მათ შორის თუნდაც გარკვეული პერიოდი პუტინის ხელში, არსებობას შეწყვეტს. კრემლის ელიტა შემდეგი დანაკარგებისა და დაშლის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტად მოახდენს მისი ტერიტორიის და სამეზობლო სივრცის იმ ნაწილის იზოლირებას, რომელზე კონტროლიც მას ექნება. საქართველო - მისი სამხრეთის სტაბილურობისა და კავკასიაში გავლენისთვის საკვანძო ქვეყნად რჩება. შანსი, რომ დასავლეთსა და იზოლირებულ რუსეთს შორის გავლებული კედლის მიღმა დავრჩეთ იზრდება. დღეს სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა დიდი პოლიტიკური ნაბიჯი. ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ გავაცნობიეროთ რა დევს ისტორიის სასწორზე!


close დახურვა