წარმოიდგინეთ, გლდანში შესასვლელში, ვახუშტის ხიდზე ან სანაპიროზე საცობში დგახართ და გეუბნებიან - მტკვარზე კიდევ ერთი ხიდის ფული თბილისს 7 წლის წინ ჰქონდა და გაქრა. ახლა წარმოიდგინეთ, დიდ დიღომში ცხოვრობთ და ბავშვების სკოლაში მისაყვანად ყოველ დილით უბნიდან გასვლა გიწევთ. არადა რამდენიმე ახალი სკოლის ფულიც გვქონდა და ფაფუ, აღრ არის. ამ თანხის მასშტაბზე დღეს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ, პროკურატურის ვერსიით, მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი ფულიდან 41 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს.
კიდევ ერთი მაგალითი რომ სურათი უკეთ აღვიქვათ: ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ოთხზოლიანი დაჯდა ხიდი 36 მილიონ 400 ათასი ლარი. ანუ ჩვენ დაგვიჯდა 36 მილიონზე ცოტა მეტი. ივანიშვილის პროკურატურის ვერსიას თუ გავყვებით, „ოცნებისავე“ კორუფციულმა მადამ ერთი ასეთი ხიდის ფული მხოლოდ ამ საქმიდან შთანთქა და კიდევ თითქმის ხუთი მილიონიც დესერტად დააყოლა. თბილისის ახალი, 83-ე სკოლის, 650 მოსწავლეზე გათვლილი პროექტი 14 მილიონ ლარზე ცოტა მეტი ღირს. 41 მილიონი დაახლოებით სამი ასეთი სკოლის ფასია. აი, რას ვკარგავთ, როცა 14 წელია ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის და დიპსტეიტისა და ოპოზიციისა თუ მედიის დევნის პარალელურად, ვიღაც ჩვენი ფულით თავხედურად მდიდრდება. ქალაქს აკლდება ხიდი, სკოლა, გამართულად მომუშავე მეტრო, ვერ შენდება მუნიციპალური საავადმყოფო და ბევრის სხვა რამ და რაც მთავარია ოჯახი ყოველდღე კარგავს დროს, რომელიც გზაში ეხარჯება.
სქემა იგივეა, რაც თავდაცვის სამინისტროში იყო - პროკურატურის აღწერით, ვაგონების ნაწილებს ყალბი საბუთებით აძვირებდნენ და მერიის სატრანსპორტო კომპანიას სამმაგ ფასად აწვდიდნენ. გამოძიება 27 ტენდერს მოიცავს. 145 მილიონი ლარიდან, თითქმის მესამედი მიითვისეს. შესყიდვებიც და გადახდებიც წლების განმავლობაში მერიის კომპანიას ებარა.
ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უშალოდ ქალაქის მერს ეკისრება. რას ნიშნავს პასუხისმგებლობა კალაძის ლექსიკონში, ერთხელ უკვე მოვისმინეთ. მისი მერობისას სუსმა უფასო სასადილოების საქმეზეც ილაპარაკა - გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტებით მილიონების მითვისებაზე. მაშინ კალაძემ თქვა - „მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე“. საკუთარ თავზე პასუხს ნებისმიერი მოქალაქე აგებს. ქალაქის მერს მთელი მერიის საქმიანობაზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა.
ამასობაში, კობახიძის კორუფციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ღარიბაშვილს ხუთი წელი მიუსაჯეს და ციხეში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობაც კი გაურთულეს. სუს-ის ყოფილ უფროსს ცამეტი წელი ერგო, მათ შორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბაღების კვების საქმეზე ქრთამის აღებისთვის. კალაძე კი ისევ თბილისის მერია და „ოცნების“ გენერალური მდივანი. ყოფილი მაღალჩინოსნების განაჩენები გვიჩვენებს, სადამდე ავიდა კორუფცია ივანიშვილის ხელისუფლებაში. მოქმედი მერის ხელშეუხებლობა კი გვიჩვენებს, რამდენად შერჩევითია ეს კამპანია.
კობახიძის კამპანიას ორი დანიშნულება აქვს. საზოგადოებას დაკავებებს აჩვენებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის შთაბეჭდილება შექმნან. „ოცნების“ შიგნით კი საქმეებს გავლენიანი ჯგუფების დასასუსტებლად იყენებენ. საკითხავია, რამდენად თავისუფალია ამ თამაშში თავად კობახიძე. საკუთარი კონკურენტების ჩამოშორებით ივანიშვილის ვერტიკალში ადგილს იმყარებს, თუ თავად ივანიშვილი წყვეტს, ვის საქმეს მისცენ მსვლელობა და როდის?
ივანიშვილი კობახიძის ხელით „ოცნებაში“ შიდა წმენდას ატარებს და ამას კორუფციასთან ბრძოლას ეძახის. მაშინ, როცა ისევ იღებენ საეჭვო გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებით - სახელმწიფო ტენდერებიდან პარტიის სალაროში ფულის დაბრუნების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაზარდა. იცვლება ხალხი, ვისაც ამ სისტემაში გავლენა აქვს. სისტემა კი ისევ მუშაობს.
სწორედ ამ ფონზეა ყველაზე თვალშისაცემი კალაძის ხელშეუხებლობა. მარტო თბილისის განაშენიანებისას დაშვებული დარღვევები რომ ავიღოთ, იქაც საკმარისი საფუძველია ვიკითხოთ, რომელი გადაწყვეტილების უკან იდგა კერძო ინტერესი და ვის სასარგებლოდ იმოქმედა მერიამ. ამას ემატება საქმეები, რომლებიც გამოძიებამ თავად მერიის სტრუქტურებში გამოავლინა - უფასო სასადილოები, საბავშვო ბაღების კვება, მეტროს ვაგონები. მასალები უკვე საკმარისია, რომ მერისთვის პოლიტიკური პასუხი მოეთხოვათ. არანაკლებ საფუძვლიანია მოლოდინი, რომ სამართლებრივადაც შესწავლილიყო და რა იცოდა კალაძემ, როდის გაიგო და რა გააკეთა ამის შემდეგ. რანაირად ხდება, რომ მერიის სტრუქტურებში უზარმაზარ თანხებს იპარავენ და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის და ერთადერთი, ვინც ჭურში ზის და ვერაფერს იგებს და ამჩნევს მერი კალაძეა. და თუ ასე, მაშინ რა ესაქმება ასეთ ადამიანს არათუ ქვეყნის დედაქალაქის მერად, არამედ თუნდაც სოფლის გამგებლად?!
რატომ ეპატიება კალაძეს ის, რაც ღარიბაშვილს და „ოცნების“ სხვა გავლენიან ფიგურებს არ ეპატიათ?
ივანიშვილი კალაძის პირად სოციალურ კაპიტალს და პოლიტიკურ
წონას უფრთხის? ურჩევნია, მერი თანამდებობაზე დატოვოს და მის გარშემო დაგროვილი საქმეები ბერკეტად დაიტოვოს, რომ კალაძემ საკუთარი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ მისი თანხმობით განახორციელოს? თუ კალაძეს მის წინაშე ჯერ კიდევ აქვს ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც ივანიშვილი ელოდება?
შეიძლება, პასუხი საარჩევნო არითმეტიკაში იყოს. „ოცნებას“ ფაქტობრივად აღარ შემორჩა ფიგურა, რომელსაც ამომრჩევლისგან ხმის თხოვნა საკუთარი სახელითაც შეუძლია. კალაძის ჩამოშორებამ, მით უმეტეს დაპატიმრებამ, პარტიას შეიძლება არჩევნებზე ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომლის ფასის გადახდაც ივანიშვილს დღეს არ სურს. რა ფარსიც არ უნდა იყოს არჩევნები - ერთი ორი ასეთი ფიგურის ყოლა ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია.
მოკლედ ვიდრე ბიძინა თვის უცნაურ ჩოთზე ანგარიშებს - ვის რამდენი ხმა მოაქვს და ვისი გაწირვა რამდენი დაუჯდებათ, თქვენ ვაკესა თუ გლდანში ისევ საცობში დგახართ. დიდ დიღომში კი ხვალაც გამთენიას ადგებით, რომ ნახევრად მძინარე ბავშვი სკოლაში მიიყვანოთ. ასე იხდის კალაძის ხელშეუხებლობის ფასს თბილისი - ყოველდღე, გზაში დაკარგული საათებით და დაკარგული შესაძლებლობებით და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგებით...
