logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სანქცირებული პროპაგანდა

27 თებ 202622:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/27/hrv8uxpwgaf23m8.png

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ბევრად მეტია, ვიდრე მორიგი სანქციური პაკეტი. ეს არის პოლიტიკური გზავნილი - ზუსტი და კარგად გათვლილი. ლონდონმა სანქციები დაუწესა ორ პროპაგანდისტულ ქართულ არხს - იმ ინფრასტრუქტურის ხერხემალს, რომელზეც დგას ივანიშვილის სისტემა.

ეს არ არის ბრძოლა მედიასთან. ეს არის ბრძოლა პროპაგანდასთან - იმ მექანიზმთან, რომელიც წლებია ქართულ საზოგადოებას რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივებით აბრუებს. რეჟიმი არსებობას ვერ ინარჩუნებს მხოლოდ პოლიციით და სასამართლოთი. რეჟიმი არსებობს მაშინ, როცა მას აქვს ეკრანი, რომელიც ძალადობას წესრიგად აჩვენებს, იზოლაციას - სუვერენიტეტად, ხოლო რუსულ ოცნებებს -ქართველების ეროვნულ ინტერესად.

სანქციების დროულობასა და სამიზნის სიზუსტეზე უკეთესი მტკიცებულება თავად სისტემის რეაქციაა. დიდი ხნის გაუჩინარებული ივანიშვილის პოლიტსაბჭოზე გამოჩენა სწორედ იმას მოწმობს, რომ დარტყმა მტკივნეული აღმოჩნდა. როცა პროპაგანდის მანქანას ლეგიტიმაციის პრობლემა უჩნდება, მმართველი იძულებულია თავად გამოვიდეს ჩრდილიდან  და ეს ყოველთვის სისუსტის ნიშანია.

„იმედი“ და POSTV უბრალოდ არხები არ არის. ისინი წარმოადგენენ საინფორმაციო ვერტიკალს, რომელიც უზარმაზარი ფინანსური რესურსებისა და სატელევუიზიო ტექნოლოგიების ჩართულობით ქმნის განწყობას, განსაზღვრავს დღის წესრიგს და ამავე დროს ახდენს კრიტიკული აზრის მარგინალიზაციას. სწორედ ამიტომ მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს არის შეტევა არა მართალ, არამედ ყალბ სიტყვაზე.

ივანიშვილი ქვეყანას მართავს მიტაცებული ინსტიტუტებით და ძალადობით, მაგრამ ამ ძალაუფლებას “ნორმალურობის” ილუზიას სწორედ პროპაგანდისტული არხები აძლევს. როცა ამ ილუზიას ლონდონიდან მიადგა დარტყმა, ზედაპირზე გამოჩნდა  მთავარი კითხვა -  რამდენად მდგრადია სისტემა, რომელიც მთლიანად დასავლეთის მიერ შექმნილი რესურსებით საზრდოობს და  თნ მის ღირებულებებს და ინტერესებს უთხრის ძირს.

და ბოლოს, მთავარი:

სისტემა, რომელიც საკუთარ თავს „მდგრადად“ ასაღებს, სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რადგან დგას პროპაგანდაზე და არა ლეგიტიმაციაზე. როგორც კი მის საინფორმაციო საყრდენს სერიოზული ძალები დაუპირისპირდებიან, როგორც კი არსებობს პოლიტიკური ნება და მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები, „ურღვევობის“ და ,,უძლეველობის“მითი ინგრევა.

ამ სანქციებმა სწორედ ეს გვაჩვენა: პრობლემა არ არის ივანიშვილის კარიკატურული რეჟიმის შეუვალობა - პრობლემა არის ნების საკითხი.

ქართული საზოგადოების სიმტკიცეს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დასავლეთიდან უკვე აღარ გვესმის მხოლოდ განცხადებები - ვხედავთ ქმედებებსაც, თუნდაც წერტილოვან დარტყმებს. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ პრორუსულ ავტორიტარიზმს დემოკრატიული სამყარო ნორმად არ აღიქვამს.

და როცა გარედან არის ნება, შიგნით კი არის მდგრადობა - ყველაზე ხმაურიანი პროპაგანდაც ვერ გადაარჩენს სისტემას, რომელსაც ლეგიტიმაცია დიდი ხანია გამოცლილი აქვს.


close დახურვა